ვიცე-პრემიერი ქვემო ქართლში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო
4 დეკემბერი 2019
საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, სავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარესა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქვემო ქართლში საგზაო პროექტების მიმდინარეობას გაეცნო.
მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით უკვე დასრულდა პანტიანი-მანგლისის გზის რეაბილიტაცია. თბილისი(პანტიანი)-მანგლისის საავტომობილო გზა, კოდა-მანგლისი-ფარცხისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზას უერთდება და უმოკლესი დამაკავშირებელი გზაა თბილისთან. არსებული გზა ძლიერ დაზიანებული იყო, რაც ავტოტრანსპორტის გადაადგილებას აფერხებდა.
უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების უზრუნველსაყოფად, პროექტის შესაბამისად, გაკეთდა ახალი ასფალტ-ბეტონის საფარი, ტროტუარები, წყალგამტარი მილები და ავტოპავილიონები. უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით მოეწყო საგზაო ნიშნები და დამცავი ზღუდარები, დასრულდა გზის სავალი ნაწილის მონიშვნა.
მთლიანად აღდგა კოდა-მანგლისი-ფარცხისი-წალკა-ნინოწმინდის 16 კმ-იანი მონაკვეთი, რომელიც ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებას ასევე ვერ უზრუნვეყოფდა. გზის გარდა რეაბილიტირდა ტროტუარები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, მოეწყო საგზაო ნიშნები.
„ქვემო ქართლში წელს უკვე დავასრულეთ 28 კმ გზის რეაბილიტაცია, მიმდინარეობს 75 კმ-ის კაპიტალური რემონტი, მომავალ წელს კი ვგეგმავთ 25 კმ-ის აღდგენას. სასიხარულოა, რომ ამ მიმართულებით რეგიონში ვითარება რადიკალურად შეიცვალა. ჯერ კიდევ შარშან იყო მონაკვეთები, რომელიც გავლადიც არ იყო, დღეს კი ხელშესახები შედეგები გვაქვს. ამ პროექტების ჯამური ღირებულება 100 მილიონ ლარზე მეტია, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სხვა საგზაო პროექტების მსგავსად, აქაც ძირითადად დასაქმებულია ქართული კომპანიები და ადგილობრივი მოსახლეობა,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მანგლისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობის მშენებლობაზეც იმყოფებოდა. ეს პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თითქმის 300 ათასი ლარით დაფინანსდა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში 3 000-მდე ბენეფიციარს მოემსახურება. სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.